Monthly Archives: აგვისტო 2012

მარწყვის ტორტი

სტანდარტული

შემოგთავაზებთ ძალიან მარტივ და გემრიელ რეცეპტს,რომლითაც მე ვსარგებლობ და არასოდეს დავუღალატებივარ.
როგორც ვიცით,ტორტისთვის გვესაჭიროება ფუმფულა ბისკვიტი,კრემი – (ამათ მასალაზე ცალკე ვისაუბრებ),არაყი ან კონიაკი დასანამად,ხილი(ამ შემთხვევაში მარწყვი),პერგამენტის ფურცელი,ტორტის ფორმა(24 სმ მრგვალი ან 25/25 სმ-ზე კვადრატული ფორმის),მიქსერი,სილიკონის ხელის სათქვეფი,სუფრის კოვზი,ე.წ. ,,სილიკონის ნიჩაბი”,საკონდიტრო კრემის ტომარა,მოსართავი ფორმები,სწორპირიანი,ფართო დანა.(ზოგი დანას არ იყენებს,მე დანას უფრო მოხერხებულად ვიყენებ ტორტის გარედან კრემის ზედაპირის მოსასწორებლად),კრემის მოსახარში აუცილებლად – მომინანქრებული (ემალის) ქვაბი,სამი ცალი მოზრდილი ჯამი,სიროფის მოსახარსი მომცრო ქვაბი,გაზქურა და ყველაზე აუცილებელი ატრიბუტი ღუმელი. 😀

მოკლედ,თუ კი ყველა ეს ნივთი გაგვაჩნია,შევუდგეთ უგემრიელესი ტორტის მომზადებას,რომელიც დიდად ნასიამოვნებს დაგტოვებთ.

ე.ი.

მასალა ბისკვიტისათვის:

15 ც.საშუალო ზომის (M) კვერცხი.
15 ს.კ. შაქარი.
15 ს.კ. უმაღლესი ხარისხის ფქვილი.
ნახ.ს.კ. გამაფხვიერებელი ( თუ გნებავთ,მე არ ვუკეთებ).
ვანილი,მარილი.

მასალა კრემისთვის:

12-13 ს.კ. თეთრი,უმაღლესი ხარისხის ფქვილი.
800 მ.ლ. რძე (ან წყალი).(შეგვიძლია გამოვიყენოთ შესაბამისი რაოდენობით განზავებული რძის ფხვნილით მომზადებული წყალი).
300-350 გრ.შაქარი.
მწიკვი მარილი,ვანილი.
200 გრამი კარაქი(ამოყვანილი).
200 გრ.35%-იანი ნაღები.
3-4 ს.კ. შაქრის პუდრა.

მასალა სიროფისთვის:

200-300 გრ.ხილი.
300 მლ. წყალი
150 – 200 გრ.შაქარი.
ვანილი და კონიაკი – გემოვნებით.

გადავიდეთ მომზადების დაწვრილებით აღწერაზე:

ბისკვიტის მომზადება:

პირველ რიგში მინდა ერთი კარგი რჩევა მოგცეთ.მთლიანად ბისკვიტის თქვეფის პროცესში მიქსერი გეჭიროთ ოდნავ დამრეცად(დახრილად) და დროდადრო ფართო წრედ მოატარეთ ხოლმე ჯამის მთელ სიმრგვალეზე.ბისკვიტი ჟანგბადით გამდიდრდება და ღუმელში კარგად ამოფუმფულდება.
ბისკვისტის მომზადება მთელი რომანტიული პროცედურაა.ესაჭიროება განსაკუთრებული მოპყრობა,ნაზი და ფრთხილი.
15 კვერცხის ცილა მოვათავსოთ ჯამზე და მიქსერით ამოვიყვანოთ კარგად,მანამ სანამ ამოტრიალებული ჯამიდან არ დავტესტავთ,რომ არ მოძრაობს ჯამზე.როდესაც ამოვა,ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქარი,ისე რომ ახალი დოზის დამატებამდე წინა დაყრილი შაქრის დოზა დამდნარი იყოს.როდესაც შაქრის ათქვეფასაც მოვრჩებით,მიქსერის სიჩქარეს დავუწიოთ მინიმუმამდე და 2-2 ცალად ან 3-3 ცალად შევათქვიფოთ კვერცხის გულებიც.მიქსერი ისევ დახრილ მდგომარეობაშია,რათა მასა გამდიდრდეს ჟანგბადით.როდესაც მოვრჩებით გულების შეთქვეფას,დავამატოთ ვანილი.
ცალკე გვაქვს წინასწარ მომზადებული გაცრილი უმაღლესი ხარისხის ფქვილი.
გასათვალისწინებელია,რომ ფქვილის შერევის დროს,მასამ არ უნდა დაიწიოს.ამიტომაც განსაკუთრებული სიფრთხილით,ნელ-ნელა (მიქსერის მინიმუმი სიჩქარით)ვათქვეფთ ფქვილს.ვეცადოთ მიქსერი ვამოძრაოვთ მასის ზედაპირზე და ნელ-ნელა ჩავაღრმავოთ,ანუ ფსკერიდან არ ამოვიტანოთ ცომი ეგრევე სწრაფად.ნელ-ნელა,ძალიან ნაზად შევათქვიფოთ მთლიანად ფქვილი – 2-2 ან 3-3 კოვზობით.
ცალკე წინასწარ გვაქვს მომზადებული სასურველი ფორმის ყალიბი,შიგ ჩაფენილი პერგამენტის(კალკის) ქაღალდით.ქაღალზე და ფორმის მთელ კიდეებზე კარაგად უნდა იყოს მოსმული კარაქი.
ბისკვიტის გამოცხობამდე 10-15 წუთით ადრე ჩართეთ ღუმელი 180º -ზე.
ძალიან ფრთხილად გადმოვასხათ ცხიმწასმულ,პერგამენტიან ფორმაში ბისკვიტის ცომი და შევდგათ გამოსაცხობად.დაახლოებით საათ ნახევარში გამოცხვება ჩვენი ფუმფულა ბისკვიტი.
უკვე მზა,გამომხვარ ბისკვიტს მოაყარეთ ძალიან თხლად ფქვილი თავზე,რათა გადმოღებისას(გადმოტრიალებული გადმოგვაქვს) ზედაპირი არ მიეწებოს დაბლა,ფოდნოსზე.დანით მოაცილეთ თუ კიდეები ყალიბზე მიკრული იქნება და ფართო ფიცრის ან ფოდნოსის ზედაპირი დააფარეთ ყალიბს,გადმოატრიალეთ ყალიბი და ფრთხილად დაუშვით ფორმიდან ბისკვიტი ფოდნოსის ზედაპირზე.ვაცადოთ გაგრილება და მერე მოვაცილოთ პერგამენტი.ბისკვიტი ისევ წაღმა დავდოთ იმ ფორმაზე,რომელზეც უნდა დავკრემოთ.
თითქოს ჩანს რომ ბისკვიტს ზედმეტად ვაწვალებთ,მაგრამ დამიჯერეთ,თუ კი ბისკვიტი ზემოთ აღწერილი წესითაა მომზადებული და გადმოღების წესებიც ზუსტადაა დაცული,ნახევარი მილიმეტრითაც არ დაიწევს.როგორი მაქსიმალური სიმაღლეც ჰქონდა ღუმელში ყოფნისას,ზუსტად იმხელა იქნება დაკრემვის წინაც.

2-ნაირი კრემის მომზადება:
1) მოხარშული კრემი:

ა) თუ მოხარშულ კრემს ვამზადებთ რძის ფხვნილით,მაშინ მომინანქრებულ (ემალის) ქვაბში მოვათავსოთ ერთად შაქარი,რძის ფხვნილი და ფქვილი.ავურიოთ კარგად და მერე დავასხათ იმ რაოდენობის წყალი,რომელიც საჭიროა რძის ფხვნილის გასაზავებლად.გავსხნათ ჯერ ხელით, ბურთულებივით რომ არ დარჩეს ისე.მერე კი მოვიმარჯვოთ სილიკონის ხელის სათქვეფი.

ბ)ხოლო თუ მოხარშულ კრემს ვამზადებთ რძით(ან წყლით) ქვაბში ერთმანეთში ავურიოთ შაქარი და ფქვილი და მერე დავასხათ რძე(ან წყალი).მე ცივად ვასხამ(წყლის შემთხვევაშიც და რძისაც).გავსხნათ ჯერ ხელით, ბურთულებივით რომ არ დარჩეს ისე.მერე კი მოვიმარჯვოთ სილიკონის ხელის სათქვეფი.

თავიდან ვდგამთ საშუალო ცეცხლზე და განუწყვეტლივ ვურევთ სილიკონის ხელის სათქვეფით ადუღებამდე.(მეტალის ხელის სათქვეფი არ გამოდგება, ფერს უცვლის კრემს).
საუბარია აი ასეთ ხელის სათქვეფზე:

როდესაც კრემი უკვე იწყებს ადუღებას/შესქელებას,დავუწიოთ ცეცხლს და განვაგრძოთ რევა/თქვეფა უფრო სწრაფ ტემპში რათა არ ,,დაკორკოშალდეს”.
კრემს უმი ფქვილის სუნი არ უნდა ჰქონდეს და მაშინაა მოხარშული.
გადმოდგით ცეცხლიდან,მთელი კრემი გადმოღეთ სხვა ჯამში და დროდადრო მორევით გააცივეთ კარგად.
კარაქი,რომელიც კრემისთვის გვაქვს განკუთვნილი,მთელი ჩვენი საქმიანობის პროცესში(ან უფრო ადრიანადაც) გვიდევს ოთახის ტემპერატურაზე.იმიტომ რომ კარაქის ბუნებრივად დარბილებას ამოყვანის წინ,დრო სჭირდება.გაქვავებულ კარაქს კი ვერ ამოვიყვანთ,მიქსერი ვერ შეძლებს უბრალოდ.
გადმოვიტანოთ კარაქი ჯამზე და ვტქვიფოთ მიქსერის მაქსიმუმი სიჩქარით.დროდადრო ცავურთუთ ტურბოს ფუნქციაც.მივიყვანოთ სრულიად გათეთრებამდე.
აწ უკვე გაცივებული კემი ნელ-ნელა შევათქვიფოთ ამოყვანილ კარაქს.ნელ-ნელა და ნაზად,იმიტომ რომ არ აგვეჭრას.თუმცა აჭრის შემთხვევაშიც არის გამოსავალი:აჭრილ კრემს დაამატეთ 1 ს.კ. ნაღების ფხვნილი ან შაქრის პუდრა.
მზა კრემს დავამატოთ ვანილი და სურვილისამებრ 1-2 ს.კ. კონიაკი ან არაყი.

2) ნაღების კრემი:

ცალკე მომცრო ჯამში ავთქვიფოთ ნაღები,აუცილებლად გავითვალისწინოთ – კრემის კონსისტენციის მისაღებად დიდ ხანს არ უნდა ნაღებს თქვეფა,თორემ მივიღებთ კარაქს.ათქვეფილ ნაღებს ვამატებთ შაქრის პუდრას და ვანილს.

სიროფი ტორტის დასანამად:

ქვაბში ჩავყაროთ შაქარი და დავასხათ წყალი.ავადუღოთ.
ა)თუ გვინდა ადუღებულ სიროფში ჩავალაგოთ ხილი(არა მარწყვი) და 2-3 წთ.ვადუღოთ.გადმოვდგათ გავაცივოთ სიროფი,ამოვალაგოთ ხილი და დავჭრათ(მაგ.ატამი ან სხვა რომელიმე მკვრივნაყოფიანი ხილი,ამ სიროფში მომზადებულ ხილს ვიყენებ მე ტორტის გარედან მოსართავადაც) ან როგორი ფორმითაც გვინდა ისე მოვრთოთ ტორტის გული.
ბ)თუ ცოცხლად გვინდა ხილის გემო,მაშინ ცალკე დავჭყლიტოთ მარწყვი, წვენი გამოვადინოთ და ისე შევურიოთ უკვე გაცივებულ სიროფს.
ტორტის დასანამავ უკვე გაცივებულ სიროფს ვამატებთ კონიაკს ან არაყს და ვანილს(ორივეს გემოვნებით).

თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს ტორტის გასამზადებლად.

ბისკვიტი გავჭრათ გრძელი,ბასრი დანით შუაზე,2 თანაბარ ნაწილად.ტორტი რომ ცალ მხარეზე დაქანებული არ იყოს,სწორად გაჭრას დიდი მნიშვნელობა აქვს.
გადმოვდოთ გვერდზევე ზემოთა ნაწილი და ორივე ბისკვიტი შიდა მხრიდან დავნამოთ სიროფით.გავითვალისწინოთ,რომ ქვედა ნაწილი ძალიან არ დავნამოთ,რათა არ დალბეს ზედმეტად და კრემის წასმის მერე ქვედა ფენა არ დაჯდეს.
დაბლა ფენას,უკვე ზომიერად დანამულს – გადავუსვათ მოხარშული კრემი.კრემიან ზედაპირზე მოვალაგოთ ხილი.
კრემი გადავუსვათ უკვე დანამულ ზედა ფენასაც.
მეორე – ზედა ფენა დავაფაროთ პირველ – ქვედა ფენას.
ზემოდანაც დავნამოთ ზომიერად.
სწრაფად წავუსვათ მთლიან ბისკვიტს მოხარშული კრემი თავზეც და გვერდებზეც,სწრაფად იმიტომ,რომ დანამულმა ბისკვიტმა დეფორმირება არ განიცადოს და 10-15 წთ-ით.(მე საყინულეში ვდებ).
გაცივებული ტორტი გამოვიღოთ მაცივრიდან და მოხარშული კრემის ფენაზე წავუსვათ ნაღების კრემის ფენა,მთლიან ტორტზე,ისე რომ მოხარშული კრემი ნაღების კრემმა კარგად დაფაროს.მოვასწოროთ ზედაპირი კარგად.
ბოლოს რჩება ტორტის მორთვა.რისთვისაც დაგვჭირდება საკონდიტრო ტომარა,კრემის მოსართავი ფორმები და სასურველ ფორმებზე დაჭრილი ხილი.
გემრიელად მიირთვით. 🙂

პ.ს. ამ მეთოდით ნებისმიერი ხილის,ყავის,თუ სხვა არომატების ტორტს ვამზადებ ხოლმე.კარგი გამოდის. 🙂

ეს კი ჩემი შინაურულად მომზადებული მარწყვის ტორტი,არც ძალიან ლამაზად მორთული,მაგრამ ძალიან,ძალიან გემრიელი.

რჩევები წონაში დაკლების მსურველთათვის:

სტანდარტული

1)ცილების მონელებას ორგანიზმში სჭირდება 1,5 – 2 სთ.
ნახშირწყლებისას 20 – 25 წთ.

2)განსხვავებული(არათავსებადი) პროდუქტები მინიმუმ 2 სთ-ის ინტერვალებით უნდა მიიღოთ.
ა)ცილოვანი პროდუქტი:
კვერცხი,ხორცი,თევზეული,პარკოსნები,რძის ნაწარმი,ბადრიჯანი,ნიგოზი,მზესუმზირა.
ბ)ნახშირწყლები:
პური,ნამცხვრები,შაქარი,შაქრიანი პროდუქტები,ბურღულეული,კარტოფილი,თაფლი.
გ)მცენარეული წარმოშობის ,,ცოცხალი” პროდუქტები:
ხილი,ჩირი,ბოსტნეული(გარდა კარტოფილისა)კენკროვნები,წვენები(ახალგამოწურული)ცხიმები.

3)თავსებადი პროდუქტები:
ცილოვანი და ,,ცოცხალი”.
ნახშირწყლები და ,,ცოცხალი”.

4)არათავსებადი:
ნახშირწყლები და ცილები.

მე-7 დღის ტრუკი.

6 დღე მკაცრი დიეტის შემდეგ,მე-7 დღეს მივირთვათ რაც მოგვესურვება და რა რაოდენობითაც.ხანგრძლივი დიეტის დროს ეს ხერხი დაგვეხმარება დიეტა უფრო გასაძლისი და სასიამოვნოც კი გახდეს.

გაგრძელება იქნება.